English / ქართული / русский /
გულნაზ ერქომაიშვილი
სოციალური პასუხისმგებლობის ფორმირების ობიექტური წანამძღვრები საქართველოში

ანოტაცია

ნაშრომში გადმოცემულია სოციალური პასუხისმგებლობის ფორმირების ობიექტური წანამძღვრები საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ბოლო 10 წელია აქტუალურია, თუმცა   მეცენატობასა და ქველმოქმედებას ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად ქველმოქმედებაში და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში, ასევეს ხვადასხვა სფეროების მხარდაჭერითაც გამოიხატება. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის ხარისხი და სტრუქტურა საქართველოში ჯერჯერობით მეტისმეტად ქაოსური და უსისტემო ხასიათისაა..

საკვანძო სიტყვები: სოციალური პასუხისმგებლობა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პროექტები, საქველმოქმედო ღონისძიებები,  მოწყვლადი ჯგუფები.

შესავალი

ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას განვითარებულ ქვეყნებში საუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი გულისხმობს ბიზნესის კეთილ ნებას უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებსა და საჭიროებებს. სოციალურად პასუხისმგებელი კომპანიები ცდილობენ თავის საქმიანობაში სოციალური, გარემოსდაცვითი და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები გაითვალისწინონ და საზოგადოების განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანონ. რაც უფრო წარმატებულია კომპანია, მას მეტი სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია. წარმატებულთა რიცხვში კი ის კომპანიები ხვდებიან, რომლებიც არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესით ინტერესდებიან, არამედ უფრო გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით პრობლემებზე ახდენენ ზეგავლენას.

საკონსულტაციო კვლევითი ცენტრის Next Consulting-ის გამოკვლევით ევროპულ კომპანიებში სოციალური პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე ამერიკულ კომპანიებში და ეს ამ ქვეყნებში არსებული ეკონომიკური სისტემის სპეციფიკით არის გამოწვეული. ევროპულ ქვეყნებში ყველაზე მაღალი წილი სკანდინავიურ ქვეყნებს (დანია, შვედეთი, ნორვეგია, ისლანდია, ფინეთი) უჭირავთ, რომლებიც ცხოვრების და კეთილდღეობის დონით ლიდერები არიან მსოფლიოში.

საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ტენდენცია მხოლოდ ბოლო 10 წელია აქტუალურია, თუმცა მეცენატობასა და ქველმოქმედებას  საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს.  1870-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდნენ ახალი ფორმაციის ვაჭრები და მეწარმეები, რომლებიც ხელს ჰკიდებენ მომგებიან სასოფლო-სამეურნეო და სავაჭრო-სამრეწველო საქმიანობას. ამ პერიოდში  გამოირჩევიან სარაჯიშვილებისა და ზუბალაშვილების სავაჭრო სახლები. ალ. ხანანაშვილი 1911 წელს გაზეთ „თემში“ წერდა: “არცერთი საქვეყნო საქმე არ დაწყებულა ამ 30 წლის განმავლობაში, რომ დავით ზაქარიას ძეს თავისი წვლილი არ შეეტანოს, მატერიალური დახმარება არ გაეწიოს, ჟურნალ-გაზეთის, წიგნის გამოცემა, სცენის მოყვარულთა, მომღერალთა, მემუსიკეთა და მეცნიერთა აღზრდა, სკოლის დამშვენება, ღარიბ-უძლურთა გაკითხვა, უცხოელ და შინაურ მოღვაწეთა გამასპინძლება და მათი ერთმანეთთან დაახლოება _ ყველა ეს შეადგენდა საზრუნავ საგანს დავით სარაჯიშვილისა“ [ერქომაიშვილი გ., 2004: 52].    .

დავითი, გიორგი, მიქელ და ანტონ ზუბალაშვილები  სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად თბილისის კომერციული ბანკის უმსხვილესი აქციონერებიც იყვნენ, მაგრამ უმთავრესი, რითაც ისინი შემორჩნენ საქართველოს ისტორიას, ქველმოქმედება იყო. „ვინც  ღირსია შველისა, მოვალენი ვართ ვუშველოთ“ - სტეფანე ზუბალაშვილის (მეწარმეობასთან ერთად  საშინაო და საგარეო ვაჭრობას ეწეოდა ირანთან, თურქეთთან, ინდოეთთან, რუსეთთან და სხვებთან) მიერ მავანის მადლობის პასუხად თქმული ეს სიტყვები მისი საგვარეულოს ცხოვრებისეულ კრედოდ შეიძლება მივიჩნიოთ.

XXI საუკუნის დასაწყისიდან საქართველოშიცნობილიკომპანიებისსოციალურიპასუხისმგებლობაგაიზარდა. კომპანიები ხშირად ეხმარებიან სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, მიუსაფარ ბავშვებს, მართავენ სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებსა და აქციებს,  არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებენ გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების დასაფინანსებლად და ა.შ.

ბოლო 10 წელია ბიზნესსექტორი აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტებსა და საქველმოქმედო ღონისძიებებში.

2015  წელს ქართულ მედიასივრცეში გამოვლინდა   ტოპ 10 კომპანია, რომელთა სოციალური და საქველმოქმედო აქტივობები ასე გამოიყურება (იხ. დიაგრამა) [5].

 დიაგრამა

 

2015 წლის მონაცემებით პირველ ადგილზეა  „თიბისი“ ბანკი (17%), რომლის მიერ მხარდაჭერილი პროექტები მრავალფეროვანია _ ბიზნესის განვითარება და ხელშეწყობა, ნიჭიერი ახალგაზრდების განათლება და პროფესიული განვითარება, კულტურა, ხელოვნება, სოციალურად აქტუალური თემები, რაგბის პოპულარიზაცია და სხვა.  2015 წელს გამორჩეულია 20 000 ლარის გადარიცხვა სოლიდარობის ფონდში, რომელიც ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დიაგნოსტიკასა და მკურნალობის დაფინანსებას მოხმარდა. მნიშვნელოვანია „თიბისი ბანკის“ მიერ გაწეული კონტრიბუცია ახალი „მზიურის“ მშენებლობისათვის.

მეორე ადგილზეა „საქართველოს ბანკი“ (13%), რომელიც 2015 წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ფოკუსირდა.  „სიცოცხლის ხის“ აქტივობებში აღსანიშნავია  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის დღესასწაულის გამართვა, შშმ პირებისთვის თბილისის ქუჩებში პანდუსების დაგება. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, პირველად საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებს ადაპტირებული ტაქსი მოემსახურებათ.

მესამე ადგილზეა „ლიბერთი ბანკი“ (12%). 2015 წლის 13 ივნისის  სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისადმი გამოჩენილი სოციალური პასუხისმგებლობა  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპანიას აერთიანებს, მაგრამ „ლიბერთი ბანკის“და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შემთხვევაში, სწორედ 13 ივნისის სტიქიას უკავშირდება ყველაზე დიდი  სოციალური პროექტები.

ვითიბი ბანკი უკვე მეათე წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში.  სოციალური პასუხისმგებლობა მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია, აღნიშნული ბანკის წარმატება განპირობებულია არა მარტო ფინანსურად მომგებიანი პროექტებით, არამედ საზოგადოების წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებით.  ბანკი აქტიურად აფინანსებს სპორტს, რადგან  ეს არის  მომავალი ჯანსაღი თაობის საფუძველი, თანმიმდევრულად, წლიდან წლამდე იზრდება დაფინანსება ამ მიმართულებით. 2015 წელს ვითიბი ბანკმა ჯამურად სამი მილიონი ლარი გაიღო, რადგან მიაჩნიათ, რომ სპორტის, კულტურის, საგანმანათლებლო და საქველმოქმედო პროექტების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  საზოგადოების წინსვლას და განვითარებას. 

კომპანია „თელასმა“  „კათარზისის“ მობინადრეებს საინტერესო შობა-ახალი წელი აჩუქა. ასევე „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ ორგანიზებით, მოზარდთა ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

„ვისოლ ჯგუფში“ შემავალი კომპანიები საკმაოდ აქტიურად გამოხატავდნენ სოციალურ პასუხისმგებლობას 2015 წელს. „სმარტმა“ სოციალური საწარმოების სააღდგომო გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა, „ვისოლ პეტროლიუმმა“ პროექტს – „წიგნი ყველა სოფელს“ გაუწია მხარდაჭერა, ხოლო „ვენდისმა“ ჯადოსნურ საახალწლო წარმოდგენაზე სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა.

კომპანია „სოკარმა“ ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდთან „ნატვრის ხე“, ოფიციალური მემორანდუმი გააფორმა.

საქველმოქმედო ფონდმა „ავერსი“ 2015 წელს აიღო ვალდებულება, ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურება,  „ავერსის“ კლინიკათა ქსელში ასევე უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტით. ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, კომპანია „ავერსმა“ სოციალურად დაუცველ 50-მდე ბავშვს „ზალიკოს ცენტრში“ უმასპინძლა.

გარემოს დაცვაზე მზრუნველ კომპანიებს შორის უნდა აღინიშნოს კომპანია „ნატახტარი“, რომელმაც მსხვილი ინვესტიცია განახორციელა წყლის გამწმენდი ნაგებობის შესაძენად. ნაგებობა გამოყენებულ წყალს მანამდე წმენდს, ვიდრე წყალი ჩამდინარე სისტემაში მოხვდება.

შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდამჭერ პროექტებს შორის  აღსანიშნავია  კომპანია „ნიკორას“ ინიციატივით ჩატარებული მედიაპროექტ „ეტალონის“ სპეციალური თამაშები, რომლითაც კომპანია ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პატარების რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრირების საქმეში წვლილის შეტანას.  აღნიშნული კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერასაც გულისხმობს. ისინი ახდენენ  სოციალურად დაუცველი ოჯახების კვების პროდუქტებით, ასევე სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთებითა თუ ფართით უზრუნველყოფას.  სოციალური აქტივობების პარალელურად, კომპანია თანამშრომლობს  სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მათ შორის „მომავლის გზასთან“, „იავნანასთან“, „კათარზისთან“, წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებასთან და თანამშრომლობის ფარგლებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს კვების პროდუქტებით ამარაგებენ.

კომპანიამ  „ბორჯომი“ აიღო სოციალური პასუხისმგებლობა ჩამოეყალიბებინა საქართველოში  ერთადერთ ფონდთან _ „ჩვენი ბორჯომისათვის“ არსებული ბავშვთა და ახალგაზრდობის ტრენინგცენტრი, სადაც უდავოდ დიდი საქმე კეთდება ბორჯომელი ახალგაზრდებისათვის, რომლებიც აქ სრულიად უსასყიდლოდ  ეუფლებიან უნარებს, მათემატიკას, ინგლისურს და ა.შ. იმ საგნებს, რომლებიც მათ სჭირდებათ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად. ეს არის კომპანია „ბორჯომის“ უაღრესად კეთილშობილური სოციალური მისია და სხვა წარმატებული კომპანიებიც თუ მას მიბაძავენ, ეს დიდ გავლენას მოახდენს ჩვენი ახალგაზრდობის ორიენტაციაზე მიიღონ სრულფასოვანი განათლება. თუმცა კომპანია „ბორჯომის“-ის სოციალური პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ აქტივობით არ შემოიფარგლება.

როგორც ვხედავთ, საქართველოში კომპანიების სოციალური პასუხისმგებლობა ძირითადად ქველმოქმედებაში და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაში გამოიხატება. თუმცა კომპანიები სოციალურ პასუხისმგებლობას ასევე სხვადასხვა სფეროების მხარდაჭერითაც გამოხატავენ.   უნდა აღინიშნოს ისიც, რომ  ბიზნესის სოციალური პასუხიმგებლობის ხარისხი და სტრუქტურა საქართველოში მეტისმეტად ქაოსური და უსისტემო ხასიათისაა. თუ ვინმე სთხოვს დახმარებას ამა თუ იმ კომპანიას, ასეთ შემთხვევას განიხილავს და წყვეტს დაეხმაროს თუ არა მას. რეალურად კომპანია თავად  უნდა ირჩევდეს პრიორიტეტს. ვთქვათ, განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, ტრადიციების შენარჩუნებას და ა.შ. უნდა შეირჩეს სოციალური პასუხისმგებლობის ფორმა. შემდეგ ამ მიმართულებით კომპანიამ უნდა განავითაროს გრძელვადიანი პროგრამა. პროგრამული მიდგომის უპირატესობა  ისაა, რომ სჭირდება გრძელვადიანი გეგმა. სწორედ ასეთი პროგრამული მიდგომის ნაკლებობაა საქართველოში, დიდმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით გარკვეული პრიორიტეტების გამოყოფა. ქართული კომპანიები დიდი  სოციალური პროგრამების განხორციელებას ძირითადად საკუთარი რესურსების ხარჯზე ცდილობენ, მათ ქმედებას ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი საქველმოქმედო სახე უფრო აქვს, ვიდრე სისტემური სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის. რაც შეეხება სოციალური პასუხისმგებლობის კომპეტენტურად განხორციელებას, ხშირ შემთხვევაში კომპანია თავად ახორციელებს მას.  კომპანიებს ურჩევნიათ საკუთარი რესურსებითა და სტაფით იმუშაონ, ვიდრე ტენდერი გამოაცხადოს, შეარჩიოს  მესამე მხარე, დაიქირაოს მათი მომსახურება და ა.შ. პრობლემაა   არაადეკვატური კომუნიკაციაც. ქველმოქმედების ან რაიმე ერთჯერადი პროექტის  სისტემატური გაშუქება ხშირად გამაღიზიანებელი ხდება.

2007 წელს  საქართველოში შეიქმნა გაეროს პროგრამა „გლობალური შეთანხმების“ ქართული წარმომადგენლობა „გლობალური შეთანხმება – საქართველო“. დღეისათვის მისი წევრი 40-მდე ადგილობრივი ორგანიზაციაა. მისი მიზანია საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის თემის პოპულარიზაცია და საერთაშორისო სოციალური ანგარიშების წარმოების პრაქტიკის დანერგვა.

საქართველოში უკვე არსებობს  სოციალური ანგარიშების წარმოების პრეცედენტები. კომპანიებმა _ „ბრიტიშ პეტროლიუმ ჯორჯია“, „ბანკი რესპუბლიკა“, „ვისოლი“, „ნატახტარი“- უკვე შექმნეს პირველი ქართული სოციალური ანგარიშები.

სოციალური პასუხისმგებლობა ორგანიზაციების მუშაობის ერთ-ერთი მასშტაბური საქმიანობაა. ზოგიერთ ქვეყანაში კანომდებლობით განსაზღვრულია საგადასახადო შეღავათები. ამიტომ, სოციალური პასუხისმგებლობა დამატებითი მოტივაციაა კომპანიებისთვის. საქართველოში ჯერჯერობით არ არსებობს შესაბამისი კანონმდებლობა.  გარკვეული შეღავათების არსებობა სტიმულს მისცემდა კომპანიებს გრძელვადიანი სოციალური პროგრამების შემუშავებისათვის.

დასკვნა

ამგვარად, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი ბიზნესკომპანიების სოციალური პასუხისმგებლობის ანალიზიდან ჩანს, კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას (CSR) შეუძლია ცალკეული სფეროების პრობლემების მოგვარება, შესაბამისად საჭიროა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი პოლიტიკის გატარება. თავის მხრივ, CSR-ის პოლიტიკის ხელშეწყობით საქართველოს მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა, მოაგვაროს ისეთი პრობლემები, როგორიცაა ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი, სიღარიბე, უმუშევრობა, დაბალი შობადობა, საქმიანობის სხვადასხვა საერთშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობა _ ადამიანის უფლებების, შრომითი საქმიანობის, პროდუქციაზე პასუხისმგებლობის და ა.შ.  ასევე CSR-ის განვითარებას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებაში, მოსახლეობის კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში საკმაოდ დიდი წვლილის შეტანა.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა განიხილება როგორც ინვესტიცია, რომელსაც თავის მხრივ, შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში და საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდაში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ გვსურს მოვიზიდოთ ინვესტორები დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიდან, რადგან მათი მხრიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტანდარტების შესრულებას. გარდა ამისა, CSR-ის შემადგენელი კომპონენტის, კერძოდ პროდუქციისა და სერვისების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საგარეო ვაჭრობის განვითარებასა და ქართული პროდუქციის ახალ ბაზრებზე გასვლას. CSR განვითარება მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთონ მსხვილი მულტინაციონალური კომპანიების მიწოდების ჯაჭვებში.

ამრიგად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის მდგრად განვითარებაზე, საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე და ქვეყანაში არსებულ მრავალ პრობლემაზე. საჯარო სექტორმა უნდა განახორციელოს მართებული ნაბიჯები იმისათვის, რომ კერძო სექტორმა საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის განვითარებასა და ეროვნული პოლიტიკის მიზნების განხორციელებაში. გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის CSR შეიძლება გახდეს ის მძლავრი იარაღი, რომელიც შეძლებს ქვეყნის აღორძინებასა და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევას.

 გამოყენებული ლიტერატურა

  1. ერქომაიშვილი გ., 2004. მეწარმეობის ფორმირებისა და განვითარების თავისებურებანი საქართველოში. თბილისი, თსუ გამომცემლობა, გვ.52.
  2. ი. ლექვინაძე, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში. www.Forbes.ge
  3. საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ    საზოგადოების დამოკიდებულებისა და მოლოდინის კვლევა. 2007.     საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
  4. ხოფერია ლ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი , ბიულეტენი N¹ 120. 2011.
  5. New Policy on Corporate Social Responsibility. 2011. European Commission,       http://ec.europa.eu/enterprise/policies/sustainable-business/files/csr/new-csr/act_en.pdf
  6. World of Marketing. www.wom.ge